საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიაში" მოვლენები ისე ვითარდება, კაცი ვერ გააკეთებს წინასწარ სწორ პროგნოზს. საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში გუნდმა ახალი მწვრთნელის, ბადრი კვარაცხელიას თავკაცობით მარტვილში ითამაშა პირველად და 0:2 მარცხიც იწვნია.
ბუნებრივია, მარტვილელთა პირველმა ქულებმა და შედეგად "გურიას" კიდევ ერთმა მარცხმა, უფრო დაამძიმა სატურნირო სიტუაცია, მაგრამ ის რომ კლუბი ისევ უმწვრთნელოდ დარჩა, ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო.
კვარაცხელიამ ამ შეხვედრის შემდგომ დატოვა ახლადდაკავებული პოსტი და როგორც კლუბის პრეზიდენტი და ამავდროულად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე აცხადებს, მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.
"მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ თავად გამოთქვა გუნდის დატოვების სურვილი და ჩვენც არ გაგვიწევია წინააღმდეგობა. ეს მისი სურვილი იყო და სიმართლე გითხრათ, ბოლომდე გადაწყვეტილიც არ იყო მისი დანიშვნა. უბრალოდ, მოლაპარაკებების რეჟიმში ვიყავით და რაც მოხდა, ეგ არის" – გაგვიცხადა ურუშაძემ.
ვინ დამოძღრავს კლუბს უახლოეს თამაშებში, ამაზე გამგებელმა განაცხადა, რომ ახალ წლის მერე გუნდის გაძლიერებას და ახლი, უცხოელი მწვრთნელის მოყვანას გეგმავს.
"ამ ეტაპზე "გურიას" გიალო ჩხაიძე გაწვრთნის და პირველ წრეს ჩაამთავრებს კიდეც. ახალი წლიდან გუნდი უნდა გავაძლიეროთ და ახალი მწვრთნელის მოყვანაზეც ვიფიქროთ. სურვილი გვაქვს, რომ ის უცხოელი იყოს , ვნახოთ რა და როგორ იქნება" – დასძინა ურუშაძემ.