მას შემდეგ, რაც გფფრ-ს თავკაცმა კახა ებრალიძემ ღიად დააფიქსირა ფეხბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებზე რევაზ არველაძის მხარდაჭერა, მალე მის კუთვნილ ფართში, სადაც სამეწარმეო საქმიანობას მისივე მამა გიორგი ებრალიძე აწარმოებს, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის ჯგუფი შევიდა და კაფე – ბარ "სამეფოს" საქმიანობის ერთკვირიანი ქრონომეტრაჟი განახორციელა.
ქრონომეტრაჟის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, ამ ბარში ჯერ ისევ შემოსავლების სამსახური შევიდა და ინვენტარიზაცია ჩაატარა, რისი დასრულებისთანავე იმავე საღამოს უკვე აუდიტის სამსახურმა გააგრძელა ესტაფეტა და გასული წლის მაისიდან დღემდე ბარში გაკეთებული დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო.
ბუნებრივია მუნიციპალიტეტისთვის ამ უნიკალურ მოვლენებზე კომენტარი კახა ებრალიძეს ვთხოვეთ, რომელიც კვლავაც მიიჩნევს, რომ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა გრძელდება.
"რა უნდა გითხრათ, ეს შემთხვევით არ ხდება და დარწმუნებული ვარ, ეს უკავშირდება ფეხბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებს. ამით ვიღაც ცდილობს ჩვენს დაშინებას და დასჯას. აბა, სხვაგვარად როგორ გავიგო, როცა ასეთი შემოწმება ლანჩხუთს არ ახსოვს საერთოდ. ადამიანობა ხომ არსებობს, ხუთშაბათს შვილი შემეძინა და პარასკევს ადრე დილით, მამაჩემს სიხარულიც კი არ აცადეს წესიერად. ქრონომეტრაჟმა რომ ვერაფერი დაადგინა, დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყეს. არადა, შარშან ორჯერ შეგვამოწმეს, ჯერ 6 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს. იქედან 6 თვეში კიდევ იგივე შემოწმება ჩაატარეს და უკვე 12 ათასი ლარის ჯარიმა გამოწერეს. სასამართლოში გავასაჩივრეთ და გავმართლდით, ჯარიმაც მოგვიხსნეს და აგერ კიდევ გვამოწმებენ. ასეთი ფაქტი ლანჩხუთს არ ახსოვს. თანაც საინტერესო იცით რაა? – რადგან წინა შემოწმებისას ბრუნვა 100 ათას ლარამდე დაგვიფიქსირდა და როგორც მცირე მეწარმეს საბუთების შექმნის ვალდებულება არც გაგვაჩნია და რატომ გვიმოწმებენ ამ დოკუმენტაციას, ვერ აგვიხსნია", _ განაცხადა ებრალიძემ.