ამბობენ, რაც უფრო დიდია მისი მოცულობა, მით ჭკვიანია იგი, ვის თავშიც ის დევს. ადამიანის ტვინის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. სამაგიეროდ, ვიცით, რომ სულაც არ არის დამოკიდებული ტვინის სიდიდესა და სიმძიმეზე. მთელი საიდუმლო ხვეულებშია.
ადამიანის ყველაზე მძიმე ტვინი, რომელიც ოფიციალურადაა დარეგისტრირებული, 2 კილოგრამსა და 300 გრამს იწონიდა და ის 30 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა. ოჰაიოს შტატის, ცინცინატის უნივერსიტეტის პროფესორმა ტომას მანდიბურუმ დეტალურად აღწერა ის 1992 წლის დეკემბერში.
ცნობილია, რომ ტურგენევის ტვინი 2 კილოგრამსა და 12 გრამს იწონიდა, ბაირონისა – 1 კილოგრამსა და 800 გრამს. ქალის ყველაზე მძიმე ტვინი 1 კილოგრამი და 680 გრამი იყო და ის სერიულ მკვლელს ეკუთვნოდა.
პირველი ტესტები ინტელექტის დონის დასადგენად ჯერ კიდევ ძველ ჩინელებს ჰქონდათ ჩვენი წელთაღრიცხვით მეშვიდე საუკუნეში. ადამიანი, რომელსაც სამეფო კარის ჩინოვნიკობა ჰქონდა გადაწყვეტილი, ვალდებული იყო, ბავშვობიდანვე განევითარებინა თავისი გონებრივი შესაძლებლობები – დაეწერა თხზულებები, შეედგინა გონივრული ფრაზები და ლექსებიც შეეთხზა. 10 000 პრეტენდენტიდან მხოლოდ 300 ადამიანს ირჩევდნენ. იმ ტერიტორიაზე, სადაც ინტელექტუალებს ცდიდნენ, არც შესვლა შეიძლებოდა, არც გამოსვლა. თუ ვინმეს გადაწერაში შენიშნავდნენ, სასტიკად სჯიდნენ, მის უსულო სხეულს კი ჭილოფში ახვევდნენ და გალავანს იქით აგდებდნენ.