ოზურგეთში, ვაჟა მელაძის ოჯახში , ღორის ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით დანერგილი გოჭები გაჩნდა. ლანდრასის ჯიშის ღორის ხელოვნური განაყოფიერება, ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრის ვეტექიმმა თამაზ კილაძემ განახორციელა.
"პირველივე ცდაზე შედეგი სასიხარულოა. ყველამ კარგად ვიცთ, თუ როგორ გაანადგურა აფრიკულმა ჭირმა ეს უწყინარი შინაური ცხოველი, რომელიც ჩვენში ყველა ოჯახს ჰყავდა. მოსახლეობაში გაჩნდა იმედი, რომ კვლავ ძველებურად მოაშენონ ღორი. ხელოვნური გზით დანერგვა საიმედო იმითაა, რომ დაავადების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ლაბორატორიულად შემოწმებული ჯანსაღი სპერმა გამორიცხავს საშიშროებებს. იმუნიტეტიც მაღალია. თუმცა, შემდგომ ეტაპზე სჭირდება მეთვალყურეობა აცრებისა და კვების რეჟიმს. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მირეკავს, საიმედო იქნება თუ არა ღორის ხელოვნური გზით განაყოფიერება. შედეგი სახეზეა. მე მინდა დავაიმედო ჩვენი ფერმერები, რომ ამიერიდან მეტი გამბედაობით შეუდგნენ საქმეს," – თქვა "გურია ნიუსთან" თამაზ კილაძემ.