რუსეთის პარლამენტი სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას დათანხმდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ივანოვის თქმით, რუსეთი სირიაში მხოლოდ საჰაერო ძალების გამოყენებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსგავსი ტიპის ალიანსი უნდა იყოს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერს ეწინააღმდეგებოდა.
ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ივანოვის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი სირიაში ავიაიერიშებს საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით ახორციელებენ, რადგან სირიის მთავრობამ ოფიციალურად დახმარება რუსეთს სთხოვა.
გარდა ამისა, სირიის პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ დახმარების თხოვნით მან მხოლოდ მოსკოვს მიმართა.
ივანოვის თქმით, რუსეთმა ისლამური სახელმწიფო მიზანში იმიტომ ამოიღო, რომ ათასობით რუსეთის მოქალაქე ტერორისტულ დაჯგუფებას შეუერთდა, რაც მათ რუსეთში დაბრუნებას საფრთხეს უქმნის.
"ჩვენ არ გვამოძრავებს საგარეო პოლიტიკური მიზნები და არ გვსურს არანაირი ამბიციის დაკმაყოფილება, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხშირად გვაბრალებენ. ეს რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება."_განაცხადა ივანოვმა.
ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა ასადმა პოსტი დატოვოს.
როგორც ცნობილია, სირიაში დაპირისპირებების შედეგად 250 000 სირიელი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი ადამიანი დაშავდა, თერთმეტ მილიონზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები იძულებული გახდა სახლი მიეტოვებინა, ოთხმა მილიონმა ადამიანმა კი ქვეყანა დატოვა.