საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს თანამდებობის დატოვებას ურჩევს. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
"ეს პირველი შემთხვევა არ არის გიორგისთან დაკავშირებით, როდესაც ხდება გარკვეული პიარკამპანიის აგორება. ეს არც უკანასკნელი იქნება და არჩევნებს რაც უფრო მივუახლოვდებით, უფრო გამძაფრდება და წამოვა ასეთი სიბინძურეები. გიორგის, მე, როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს, მივცემდი რჩევას, თანამდებობა დაეტოვებინა. მე მის დანიშვნაში მონაწილეობა არ მიმიღია, მე ამის უფლება არ მქონდა. ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს. " – აღნიშნა კალაძემ.
კალაძე მიიჩნევს, რომ გიორგი არეშიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია მისი რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.
"ეს არის მიზანმიმართული პიარკამპანია კონკრეტულად ჩემს წინააღმდეგ და არა გიორგი არეშიძის წინააღმდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში ვერაფერი მომინახეს ისეთი, რომ რამე აეგორებინათ. იყო საუბარი თითქოს რაღაც ბიზნესს ვფლობდი, თუმცა კონკრეტული ბიზნესი, რომელიც მე გამაჩნია, ეს ღიად მაქვს დაფიქსირებული", – აღნიშნა ვიცე პრემიერმა.
"სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი" თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი არეშიძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვდა. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხაბურზანია ამბობს, უნივერსიტეტს, რომელშიც გიორგი არეშიძემ განათლება მიიღო. არ აქვს აკრედიტაცია და მის მიერ გაცემულ დიპლომებს სახელმწიფო არ აღიარებს.
ამ განცხადებას ოფიციალური განცხადებით უპასუხეს თბილისის მერიაში, რომელშიც არეშიძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერიც იყო მითითებული.