"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავწერე განცხადება, რომ ჩემი სახლის სახურავი შესაკეთებელია. რადგან არ მქონდა საშუალება და ვარ სოციალურად დაუცველი, მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ ამ დრომდე არ დამხმარებიან", _ ასე დაიწყო "გურია ნიუსთან" საუბარი ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებმა ხათუნა შოთაძემ.
ხათუნა შოთაძე და კახაბერ შაინიძე ორ შვილთან ერთად ძველ შენობაში ცხოვრობენ.
_ იყვნენ, შეამოწმეს, რა პრობლემა გვქონდა, მაგრამ არაფერი… დღეს იქნება, ხვალ იქნება _ ასე ვარ ეს ბოლო წლებია. უფროსი შვილი ავად მყავს და ვლოცულობ, ყოველდღე მისი მკურნალობის თანხა ვიშოვო და ბავშვს წამალი არ მოვაკლო. ალერგია აქვს და ბაღში ვერ დამყავს. ვიცე-მერთან ვიყავი, ალეკო ბურჭულაძესთან და მითხრა, დაგეხმარებით, იქირავეთ სახლი და ჩვენ გადაგიხდით ფულსო. როდესაც გავაკეთებდი, ჩემს სახლში დაგვაბრუნებდნენ. სხვა სახლში არ მიგვიღეს, ორსულად ვიყავი და ვერ ვიშოვე ბინა. მთელი ზამთარი სხვის ეზო-კარში გავატარე. მერაბ წივწივაძესთანაც (ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს. ავტ). ვიყავი და არც მომაქცია ყურადღება _ მითხრა, დროულად დამეტოვებინა მისი კაბინეტი. მეორე ზამთარი მოდის და ისევ ამ დანგრეულ სახლში ვცხოვრობ. ოცი დღე ჩემი ქმარი საავადმყოფოში მეწვა _ სახლის სახურავიდან კრამიტი ჩამოვარდა და თავში დაეცა, _ გვითხრა ხათუნა შოთაძემ.
ხათუნა შოთაძე დახმარების თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებასთან ბოლოს 22 სექტემბერს იყო:
_ მითხრეს, სახლის გადახურვაში ვერ დაგეხმარებითო. სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მაღალი ქულა მომივიდა, თუმცა, სახლში სკამიც არ მაქვს, რომ სტუმარი დაჯდეს. ახლა გავიგე, რომ 51 000 ქულა მიმიღია და დამაიმედეს, რომ ნოემბრიდან მივიღებ სოციალურ დახმარებას _ ვნახოთ. ქალაქ ოზურგეთში მითხრეს, 31 000 ქულიან ოჯახებს ვუხურავთ სახლებსო. სარეცხი მანქანა მე არ მაქვს, არც მაცივარი, მხოლოდ ტელევიზორი გვაქვს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას შოთაძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ, ხათუნა შოთაძეს დახმარება აღუთქვა და მერიის შესაბამის სამსახურებს მდგომარეობის შესწავლა დაავალა.
_ ქალაქის მერიის სოციალური სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა ხათუნა შოთაძის მდგომარეობა და მას მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფ მოქალაქეთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით. ასევე, შოთაძეს ქალაქის მერიამ შესთავაზა, ესარგებლა მძიმე საცხოვრებელი პირობებში მყოფ მოქალაქეთა მერიის დახმარების პროგრამით, რომელიც ასი ლარის ფარგლებში ბინის ქირავნობას ითვალისწინებს. თუმცა, შოთაძეს საჭირო დოკუმენტაცია ჯერ არ წარმოუდგენია.
ასევე მოგახსენებთ, რომ ქალაქის მერიის 2015 წლის პრიორიტეტი მრავალბინიანი კორპუსების გადახურვა და რეაბილიტაციაა. აქედან გამომდინარე, ქალაქის მერიაში, სიძველით დაზიანებული სახლების გადახურვის პროგრამა შემუშავების პროცესშია. პროგრამის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება, მოქალაქეებს სახლის გადახურვასთან დაკავშირებით სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით გაეწიოთ დახმარება.
რაც შეეხება მერაბ წივწივაძის მოქალაქე ხათუნა შოთაძესთან უხეშ დამოკიდებულებას, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. მერაბ წივწივაძემ შოთაძეს, სახლის გადახურვასთან დაკავშირებით, განუმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, ქალაქის მერია ინდივიდუალურ გადახურვას ვერ ახორციელებდა, _ გვითხრეს პრესსამსახურში.