პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საჭიროა მთავრობამ ყველა რესურსი გამოიყენოს მომავალი წლიდან პენსიების გასაზრდელად.
"2016 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი კვლავ 285 მილიონი ლარით იზრდება, აქედან 100 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვაზე, 22 მილიონი C ჰეპატიტის პროგრამაზე, დანარჩენი გადანაწილებული იქნება ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ პროგრამაზე. ამით მსურს ჩვენს ოპონენტებს ვუპასუხო – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ან სხვა პროექტები კი არ ჩერდება, არამედ პირიქით, მათი ბიუჯეტი საგრძნობლად იზრდება. ეს იმას ნიშნავს რომ ყველა პროგრამა წარმატებით განაგრძობს განხორციელებას, ანუ სახელმწიფო აგრძელებს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათ სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
2016 წელს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს პენსიონრებს მორიგი საპენსიო ზრდით კიდევ უფრო შევუმსუბუქოთ ის სოციალური მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პრობლემურია საქართველოში. ვითვალისწინებ რეალობას, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლო რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს" – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.