ხუთ ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საზეიმო მიღება გამართა.
ღონისძიებაში მონაწილე 100-ზე მეტ პედაგოგს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეციერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ საიკიძემ სამ დამსახურებულ მასწავლებელს სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა. სამინისტროს ჯილდო განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მინისტრთან ერთად დააჯილდოვა ცენტრის მიზნობრივი პროგრამების მონაწილე მასწავლებლები და დამსახურებული, ასაკოვანი პედაგოგები. აღნიშნულ 12 მასწავლებელს ცენტრის სახელით მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებაზე ოზურგეთელი მასწავლებლებიც დაჯილდოვდნენ _ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები _ ანგული სარჯველაძე და თინათინ გაბუნია განათლების სამინისტრომ რესპუბლიკის მასშტაბით მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე უმაღლესი ქულების მფლობელებად დაასახელა.