თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული ტვირთმზიდი გემის “ვერას” ეკიპაჟის ქართველი წევრი, მურმან დარსაძე ამ დრომდე არ უპოვიათ. გემის ჩაძირვის ადგილზე სამძებრო სამუშაოები პერიოდულად მიმდინარეობს. ამის შესახებ, მურმან დარსაძის ოჯახის ნათესავმა ბესო ბერაიამ გვაცნობა: “თავიდან ორი დაღუპული იპოვეს, შემდეგ _ სამი, თუმცა არც ერთ შემთხვევაში მურმანის ცხედარი არ იყო. ოჯახი იმედს არ კარგავს, რომ მკვდარს მაინც იპოვიან, თუმცა, ამის სულ უფრო ნაკლები შანსები რჩება. მუდმივად გვაქვს გემის მეპატრონესთან კონტაქტი და ვიცით, რომ სამძებრო სამუშაოები პერიოდულად მიმდინარეობს, ხშირი უამინდობის გამო”, _ გვითხრა ბესო ბერაიამ.
თურქეთის სანაპიროებთან გემის ჩაძირვის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა. თურქული მედიის ინფორმაციით, 114-მეტრიანი გემი 5 წუთში წყლით გაივსო და ზღვაში გაუჩინარდა. ბორტზე სულ ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის, 56 წლის ფოთელი, მურმან დარსაძე. ეკიპაჟის 11 წევრიდან მაშველებმა სამი გადაარჩინეს _ მზარეული, მეორე და მესამე კაპიტნები. დაღუპული 8 მეზღვაურიდან, 5 მათგანის ცხედრის პოვნა მოგვიანებით მოხერხდა, სამს კი, ამ დრომდე ეძებენ.
გემს, რუსეთიდან თურქეთის, ალიაგას პორტში ჯართი გადაჰქონდა.