საქართველოს რეპროდუქციული ეროვნული საბჭოს ინიციატივით, 2008 წლიდან ამუშავდა ეროვნული სკრინინგ-პროგრამა და შეიქმნა სკრინინგ ცენტრი.
ლანჩხუთელი ქალბატონი, მზია კვირკველია ჯანმრთელობის გაუარესების გამო ახლობლებმა სკრინინგის ეროვნულ ცენტრში მიიყვანეს, სადაც მას მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. აქედან დაიწყო მისი ბრძოლა გადარჩენისთვის. ოპერაციის შემდგომ საჭირო რეაბილიტაციაში მას ცენტრთან არსებული “გამარჯვებულ ქალთა კლუბი” დაეხმარა. კლუბში გაწევრიანებული ქალები ერთად ებრძვიან დაავადებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ სტრესს დაახერხებენ დაავადებაზე გამარჯვებას. ისინი ორ კვირაში ერთხელ იკრიბებიან, ტარდება ვარჯიშების კურსი, ფსიქოლოგის კონსულტაციები. კლუბის წევრები ერთად დადიან სხვადასხვა ღონისძიებებზე, ტაძრებისა და წმინდა ადგილების მოსალოცად.
აპრილის ბოლოს იგეგმება “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წარმომადგენლობის გახსნა ლანჩხუთში, რომელიც გურიის მასშტაბით იმუშავებს. ადგილობრივი ხელისუფლება, კერძოდ კი, მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე, რომელსაც კლუბის წევრები შეხვდნენ, მზადაა ხელი შეუწყოს კლუბის მუშაობას.
თანამედროვე კვლევებით სიმსივნური დაავადებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მძიმე სოციალური პირობების გამო, ვერ ახერხებს დროულად დიაგნოსტირებას და მხოლოდ დაავადების გართულების შემდეგ მიდის სპეციალისტებთან. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სკრინინგის პროგრამით დიაგნოსტირება უფასოა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადამიანს არაფერი აწუხებს, შეუძლია, გამოკვლევების ჩატარება და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში სიმსივნური დაავადებების განკურნება სრულიად შესაძლებელია. სწორედ ამას შეუწყობს ხელს ლანჩხუთში ქალთა კლუბის შექმნა. მსგავსი კლუბები უკვე არსებობს ბათუმსა და ქუთაისში.