საქართველო-ნამიბიის თამაშს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC გამოეხმაურა.
მაუწყებლის ცნობით, საქართველოს ნაკრებმა ნამიბიის დამარცხება შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა თამაშის პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დაუშვა. თუმცა, შესვენების შემდეგ მამუკა გორგოძემ და ლაშა მალაღურაძემ ნაკრებს ნამიბიის წინააღმდეგ გამარჯვება მოუტანეს.
"საქართველომ საფინალო სასტვენის შემდეგ, ტურნირის მოგების აღნიშვნა დაიწყო, მაგრამ ეს გამარჯვებაზე მეტი იყო. მათ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მოიგეს ორი თამაში", _ აღნიშნავს გამოცემა.
BBC-ის ინფორმაციით, მილტონ ჰეიგის გუნდი თამაშის დაწყების წინ ძალიან ნერვიულობდა, რის გამოც, ვიდრე გორგოძე პირველ ლელოს დადებდა, გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა.
სწორედ მათი ნერვიულობის გამო დაშვებული შეცდომები დაეხმარა ნამიბიას თამაშში და პირველ ტაიმში უპირატესობა მოაპოვებინა.
გამოცემა ინფორმაციით, მიუხედავადი იმისა, რომ ნამიბია ტურნირში ყველაზე დაბლა იმყოფება, სიამაყის გამო გუნდმა მაინც კარგად ითამაშა.
"მათ დაცვაში მამაცად ითამაშეს, თუმცა რაულ ლარსონმა, იოჰანს კოეტზემ და რონალდო ბოთსმა ყვითელი ბარათები მიიღეს", _ აღნიშნავს BBC და დასძენს, რომ ნამიბიამ დაკარგა ბონუს ქულა, საქართველომ კი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.