კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს –აცხადებენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები.
საკრებულოს დეპუტატის ჯაბა სამუშიას განცხადებით, "დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ვაუჩერს ყველა თბილისელი უკლებლივ მიიღებს.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დედაქალაქის მერიასთან ერთად გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმად, ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროებათ კომუნალური ვაუჩერი, შეუძლიათ, უარი თქვან მათ მიღებაზე. ვფიქრობ, თბილისში მცხოვრები არაერთი ოჯახი მოგვბაძავს. თითოეული მათგანის მხრიდან ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვა საზოგადოების სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ."
მისივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ თბილისელებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს, გაორმაგებული სუბსიდიის გარდა, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებით გამოწვეული სხვაობაც აუნაზღაურდებათ.