საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, 2016 წლისათვის უწყების პრიორიტეტი ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება იქნება.
როგორც ბარამიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, სამინისტრო ქუჩის ბავშვების პრობლემებზე უკვე მუშაობს.
"ვმუშაობთ სათანადო სამართლებრივი ბაზის შემუშავების კუთხით. ასევე, ბავშვების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით უზრუნველყოფის მიზნით.
დანაშაულის პრევენციის ცენტრი, რომელიც არის იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ი, მოწოდებულია იმისთვის, რომ ითანამშრომლოს და იმუშავოს ქუჩის ბავშვებთან მათი ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მოგვარების კუთხით – თუ შიათ, თუ წამალი უნდათ, თუ უბრალოდ დასვენება უნდათ. თუ ბავშვი მიმართავს, დანაშაულის პრევენციის ცენტრი ამით უზრუნველყოფს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. არც რესურსია საკმარისი ამ ეტაპზე. ჯერჯერობით არც რაიმე საერთო ხედვა და სტრატეგია არსებობს, თუმცა, ამაზე მუშაობას ვიწყებთ.
ჩვენ შეხვედრა გვქონდა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობასთან, რომ რეალურად ერთობლივი სტრატეგია შევიმუშაოთ და განვახორციელოთ ქუჩის ბავშვების პრობლემების აღმოსაფხვრელად. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენი სამინისტროსთვის მომავალი წლის პრიორიტეტი ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება იყოს", _ აღნიშნა ბარამიძემ.