საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების "ექვსი ერის" გათამაშებაში ჩართვასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და არის გარკვეული ძვრებიც ამ მიმართულებით. ამ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია ადასტურებს.
"ერთ-ერთი კომერციული კომპანია "ექვსი ერის" უფლებებს ფლობს და შესაბამისად, მათზეა დამოკიდებული. მათთვის კომერციულად საინტერესო და სასარგებლო უნდა გახდეს საქართველო, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის შოტლანდია, უელსი, ინგლისი და ა.შ. თვითონ კომპანიისთვის უნდა გახდეს სასურველი ჩვენი მონაწილეობა.
არის რაღაც ძვრები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული თარიღის დასახელება რთული იქნება. პირველ რიგში რაგბის კავშირის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ "შვიდი ერი" შედგეს", – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
"ექვსი ერის" ჩემპიონატში კონტინენტის უძლიერესი სარაგბო ნაკრებები: ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია, იტალია და საფრანგეთი თამაშობენ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ერთა თასზე ასპარეზობს, ინგლისში გამართულ ბოლო მსოფლიო თასზე აჩვენა რომ გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ერთა თასის მონაწილე დანარჩენი ნაკრებები.
ცნობილია ისიც, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე ინგლისში იმყოფება და შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ფედერაციებთან ამ საკითხის გადასაჭრელად.