ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩის #8, #10, #4 და რუსთაველის ქუჩის #6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია.
აღნიშნული ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შპს "ეფექტს" უნდა შეესრულებინა.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტი 2015 წლის 14 სექტემბერს არის გაფორმებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს ალეკო ბურჭულაძესა და შპს "ეფექტის" დირექტორის მინდობილ პირს რატი მაისურაძეს შორის. დოკუმენტის მიხედვით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს "ეფექტს" შორის 2015 წლის 8 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და 14 სექტემბერს შემოწმების აქტის საფუძველზე, შპს "ეფექტმა " შეასრულა, ხოლო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულება.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომა 2015 წლის 28 ივლისს ჩატარდა. სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის თავმჯდომარე ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი; თავმჯდომარის მოადგილე ალეკო ბურჭულაძე, ვიცე-მერი; კომისიის წევრები იყვნენ: მარიკა ნაცვალაძე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი; დავით გორდელაძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების განყოფილების უფროსი; ასევე, სპეციალისტები _ მარინა დათუნაშვილი და მედეა მჟავანაძე.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სხდომაზე სატენდერო კომისიამ აღნიშნა, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩის #4, #8, #10 და რუსთაველის ქუჩის #6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს შესყიდვისთვის გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერზე სატენდერო წინადადება წარმოადგინა ერთმა პრეტენდენტმა _ შ.პ.ს. "ეფექტმა" 123 500 ლარის ღირებულებით.
ოფიციალურ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის გახორციელებაში კომპანიის მონაწილება ინტერესთა კონფლიქტს არ იწვევდა.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება 123 500 ლარს შეადგენს, შესრულებული სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადა 90 კალენდარულ დღეა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტული სამუშაოები, ჯერჯერობით, შეჩერებულია. კომპანია შპს "ეფექტის" წარმომადგენელი გოჩა ბოლქვაძე "გურია ნიუსთან" სამუშაოების შეწყვეტის მიზეზად უფროსი ინჟინრის ავადმყოფობას ასახელებს:
"არ შეგვიწყვეტია, გრძელდება სამუშაოები. ჩვენი მთავარი ინჟინერი იყო ცუდად და ველოდებოდით, როდის დადგებოდა ფეხზე. რახან ეს ვერ მოხერხდა, ჩამოვიყვანეთ ახალი ინჟინერი. სამუშაოს დიდი ნაწილი შესრულებულია, ერთ თვეში ჩავეტევით და ყველაფერი კარგად იქნება," _ ამბობს ბოლქვაძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი გოჩა მგელაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ კომპანიას ამ დროისთვის ყველანაირი ვადა აქვს დარღვეული:
"კომპანიამ ყველანაირი ვადა დაარღვია. ქალაქის მერიამ უნდა განიხილოს მასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი. სექტემბრის ბოლოსთვის, როგორც მე ვიცი, 80 000 ლარი უნდა ჰქონოდათ ათვისებული, თუმცა, შესაბამისი სამუშაოები არ შესრულებულა. აქედან გამომდინარე, უნდა შეწყდეს მათთან ხელშეკრულება და გამოცხადდეს ახალი ტენდერი დარჩენილ სამუშაოებზე. სრულად შესაძლებელი იყო სამ თვეში ამ სამუშაოს შესრულება," _ ამბობს მგელაძე.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე "გურია ნიუსთან" განმარტავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ვალდებული იყო, სამუშაოები ეწარმოებინა გეგმა-გრაფიკის მიხედვით, თუმცა, მერის განცხადებით, მათ ეს გრაფიკი დაარღვიეს:
"სამუშაოს ჩაბარებამდე კიდევ ერთი თვე აქვთ დრო, მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით ერთ თვეს _ თუ იქნება პრობლემა, დროზე მივიღებთ ზომებს, რომ შემდეგ უფრო დიდი პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. დღეს დავიბარეთ ამ კომპანიის წარმომადგენლები, მივეცით გაფრთხილება და ხუთდღიანი ვადა _ ხუთ დღეში უნდა დაიცვან გეგმა-გრაფიკი და შემდეგ გააგრძელონ სამუშაოები ზუსტად გეგმის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, შევწყვიტოთ კონტრაქტი და კომპანიას "შავ სიაში" მივუჩინოთ ადგილი. ამის შემდეგ, იძულებული გავხდებით, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი. კარგი ამინდები იყო, მუშაობის ყველანაირი პირობები ჰქონდათ, ჩვენგან არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და რატომ გააჩერეს სამუშაოები, გაუგებარია. თუ შევუწყვეტთ ხელშეკრულებას, ჯარიმას გადაიხდიან, ჩვენ კი გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს," _ ამბობს ბეგლარ სიორიძე.