დღეს, რვა მარტს, რესტორან “გურიაში” ტრადიციული დაჯილდოება გაიმართება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწყობილ საზეიმო კონცერტზე 15 წარმატებული ქალბატონი დასახელდება და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა. როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ამ სიაში ვერ მოხვდა წარმატებული ქალი ჟურნალისტი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მაია თანდილაშვილმა სატელეფონო საუბრის დროს ის ქალბატონები დაასახელა, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები და თაიგულები გადაეცემათ:
_ ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდება. ესენია: ახალგაზრდა მრავალშვილიანი დედა _ შორენა სალუქვაძე, წარმატებული სკოლის დირექტორი _ თამარ ყურაშვილი, ღვაწლმოსილი ექიმი _ ნანა ტრაპაიძე, ღვაწლმოსილი მეცნიერ-მუშაკი _ მანანა ლომაძე, წარმატებული მსახიობი _ მარგო ავაქიანი, ღვაწლმოსილი მედდა _ ლენა ტუღუში, ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარი _ ციური მოისწრაფიშვილი, ღვაწლმოსილი პედაგოგი _ ჟუჟუნა გობრონიძე, სახელოვანი დედა _ თინა გოგუაძე, ქალი დიზაინერ-დეკორატორი _ რუსუდან მდინარაძე, წარჩინებული კურიერი _ ნანა მახარაძე, წარჩინებული მეეზოვე _ ნაზი ტიკარაძე, ღვაწლმოსილი საჯარო მოხელე _ მზია ნინიძე, ღვაწლმოსილი პედაგოგი მუსიკალურ დარგში _ ეთერ შარაშიძე, წარმატებული ქალი ძალოვანი სტრუქტურიდან _ ნანა მამეიშვილი, _ გვითხრა თანდილაშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ლია ქათამიძის თქმით, კი აღნიშნული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 8 ათასი ლარია გამოყოფილი: _ კონკრეტულად რისთვის დაიხარჯა ეს თანხა მოგვიანებით გეტყვით, _ შეგვპირდა ქათამიძე.