ლანჩხუთის ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გელა ზოიძემ პრესკონფერენცია გამართა. მან უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაში ჩატარებულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმსა და ბოლორუსში ვიზიტის შესახებ და იქ მიღწეული შეთანხმებების შესახებ ისაუბრა.
ზოიძის თქმით, ლანჩხუთსა და ნოვა კახოვკას შორის გაფორმდა ხელშეკრულება მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ.
"ნოვა კახოვკელი პარტნიორები მზად არიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან ითანამშრომლონ ტურიზმის სფეროში, ერთობლივი თევზის წარმოებისა და გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობაზე (ამ კუთხით სამუშაო ჯგუფის ჩამოსვლა უკრაინიდან ლანჩხუთში იანვრის ბოლოს იგეგმება), ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროს მოძიებაზე, ინტენსიური ტექნოლოგიით ბოსტნეულის წარმოებასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობაზე", _ აღნიშნა ზოიძემ.
ზოიძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო მისი ვიზიტი ბელორუსშიც, სადაც ორივე მხარე შეთანხმდა ურთიერთობების გაღრმავებაზე, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, ასევე კულტურის, განათლების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში
"უნდა დამყარდეს მჭიდრო პარტნიორობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს, ასოციაციებსა და ფონდებს შორის. უნდა მოხდეს გამოფენების, ფესტივალების, თემატური შეხვედრების ორმხრივად ორგანიზება.
ვიტებსკის რაიონის ქალაქ როსონში გაფორმდა ხელშეკრულება ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაზე. შეხვედრა მქონდა ამ რაიონის ეკონომიკური და კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განყოფილებების ხელმძღვანელობასთან, სადაც საუბარი შეეხო ამ დარგებში ერთობლივი თანამშრომლობის წინადადებების მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ ეს მხარე საინტერესოა სუბტროპიკული პროდუქციის გასაღებისა და ტურიზმის განვითარების კუთხით", _ განაცხადა ზოიძემ, რომელიც მის ვიზიტს უკრაინასა და ბელორუსიაში, მიღწეული შეთანხმებებიდან გამომდინარე, დადებით შეფასებას აძლევს და თვლის, რომ საჭიროა დარგების მიხედვით ეფექტური მუშაობა.






























































