საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნას დაესწრო. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში 800-ზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა თემატურ პანელებს გაუწევენ მოდერატორობას.
დავით ნარმანიას განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, აღნიშნულ ფორუმს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქვეყნისთვის ასევე დედაქალაქისთვის.
"არის რიგი პროექტებისა, რომელიც უკვე დაანონსებულია და მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, არის პროექტები, რომელიც ამ ფორუმიდან გამომდინარე შეთანხმდება, შეჯერდება პარტნიორებთან, სახელმწიფოსთან, მუნიციპალიტეტებთან და შესაბამისად მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად გაიხსნება გზა. ვფიქრობ, რომ მეორე დღის ბოლოს უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია გვექნება მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე",- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს სტუმრობენ – ჩინეთის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაქირი; აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი; ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი; აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი; გაერთიანებული საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ-ნაჰაიანი; აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასო ბარანაი; "ეკონომისტის“ წარმომადგენელი ერნანდო დე სოტო და მსოფლიოს საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები.



































































