შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ პროექტს იწყებს, რომლის აპრობაციაში მონაწილეობას ქუთაისისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-12 კლასელებს სთავაზობს. მოსწავლეები რეგისტრაციის გავლას 20 ოქტომბრიდან ვებგვერდებზე: online. naec.ge და www. naec.ge შეძლებენ.
ახალი პროექტი, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემს გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები, 2016 წლიდან დაიწყება. წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში, სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება სავალდებულო და არჩევითი გამოცდების ტესტების ელექტრონული ვერსიები, მონაწილეს შესაძლებლობა ექნება საკუთარ (ან სკოლის) კომპიუტერთან შეასრულოს მოცემული დავალება, სურვილის შემთხვევაში კი საგამოცდო ფორმატი (მონიტორიდან წაკითხული ტესტის შესრულება, დროის ათვლა, განაწილება და ა.შ.) სრულად გაიმეოროს.
ელექტრონული ვერსიები რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება განთავსებული, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გამოქვეყნდება სწორი პასუხები.
პროექტი ამავე დროს დამატებით მომსახურებას სთავაზობს მონაწილეებს – თუ აბიტურიენტი გარკვეულ საფასურს გადაიხდის, ცენტრი ნაშრომების გასწორებას, სურვილის შემთხვევაში კი გათანაბრებული და სკალირებული ქულების დათვლას, ასევე წინა წლის საკონკურსო ქულებთან შედარებას უზრუნველყოფს.
აპრობაციის ფარგლებში, 20 ოქტომბრიდან რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩოხატაურისა და ქუთაისის საჯარო თუ კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ ტესტს და სწორ პასუხებს გაეცნონ, არამედ საცდელი რეჟიმიდან გამომდინარე, სრულიად უფასოდ მიიღონ მომსახურება, რომელიც მათი ნაშრომების გასწორებას ითვალისწინებს.