17 ოქტომბერს, საღამოს, ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე მცირეწლოვან ბავშვს "მერსედესის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც ოზურგეთში მომუშავე თურქეთის მოქალაქე მართავდა. შემთხვევის ადგილზე მივიდა ოზურგეთის პოლიცია, ბავშვი კი ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"პურს ვყიდულობდი, ბავშვი ხელიდან დამისხლტა და ქუჩის გადარბენა სცადა, რა დროსაც მომავალი ავტომანქანა დაეჯახა. საბედნიეროდ, შვილი გადამირჩა. მძღოლი, ეროვნებით თურქი მოქალაქე წუთით არ მოგვშორებია გვერდიდან. ღმერთმა დაგვიფარა", _ ამბობს "გურია ნიუსთან" მცირეწლოვანი ბავშვის მამა.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორმა, ექიმმა დავით მდინარაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა:
"გუშინ, 17 ოქტომბერს, საღამოს (18სთ. 30წთ) საავადმყოფოში შემოიყვანეს ხუთი წლის გიორგი ქურიძე. დიაგნოზი: თავის ქალის და სხეულის მცირე დაჟეჟილობა. ამ დილით, 18 ოქტომბერს გაეწერა ბინაზე".