დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღის აღსანიშნავი სადღესასწაულო წირვა აღევლინა.
გრიგოლ ხანძთელი მერვე საუკუნეში მოღვაწე უდიდესი ქართველი წმინდანია, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა გიორგი მერჩულემ აღწერა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში." მეცხრამეტე საუკუნეში ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა პლატონ იოსელიანმა ხელმეორედ აღმოაჩინა წმინდანი, რომლის ღვაწლის შესახებ არაფერი აღარ იცოდნენ თაობებმა. გრიგოლ ხანძთელმა 102 წელი იცხოვრა და 861 წელს გარდაიცვალა.
გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, იქ მან ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში — დედათა სავანეები. დასავლეთ საქართველოში, ლიხის გამყოფ ქედზე დააარსა უბისის მონასტერი.
გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ მონასტრები ქართული მწიგნობრობისა და სასულიერო კულტურის უმნიშვნელოვანეს კერებად იქცნენ.
"ყველას გილოცავთ გრიგოლ ხანძთელის დღესასწაულს. მეუფე თეოდორე და სამღვდელოება ჩავიდნენ ხანძთაში, რომელიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა და დილიდან წირვას აღავლენენ. ამ წირვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", – მიმართა მრევლს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასარულების შემდეგ.