ქართულ ინტერნეტმედიაში გავრცელდა "კასრის ვიდეოკადრების" უკრაინული საიტისთვის მიწოდების ვერსიები. ერთ-ერთი ვერსიით, ერეკლე კოდუამ უკრაინელ მილიონერს იგორ კოლომოისკის ჟენევაში შეხვედრის შემდეგ გადასცა ეს ვიდეოფირი.
ერეკლე კოდუას ადვოკატი ოთარ კახიძე კატეგორიულად უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ საქმე ამჟამადაც ხელისუფლების ხელწერასთან გვაქვს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ NDI ს კვლევების მისთვის უარყოფითი შედეგების გადასაფარად გაასაჯაროა ვიდეოფირები.
"ერეკლე კოდუა იმყოფება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. მას აქვს პოლიტიკური თავშესაფარი და იგი არ ტოვებს ამ ქვეყანას. ამგვარი შეხვედრა არ ყოფილა და თუ გადავხედავთ სხვადასხვა დროს გავრცელებულ ვიდეომასალებს, აშკარად ჩანს ხელისუფლების კვალი.
ახლა ეს კადრები ვრცელდება, რომელიც უნდა განადგურებულიყო, თუმცა აიტვირთა ინტერნეტში NDI-ს კვლევის პარალელურად. მე ვფიქრობ ამით ხელისუფლება ცდილობს NDI-ს კვლევის შედეგების გადაფარვას. ბინძური ცილისწამების კამპანიაა, თითქოს ერეკლე კოდუამ რაღაც კადრები გადასცა კოლომოისკის", – განაცხადა კოდუას ადვოკატმა.