ადამიანის წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შაბათს უკრაინულმა პორტალმა გაავრცელა, დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, ბულვარში უჩვენეს, სადაც უმრავლესობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო შეკრებილი. ვიდეომასალა ბულვარში დამონტაჟებულ პროექტორზე რამდენჯერმე აჩვენეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "livepress"-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ არის ვიდეომასალის ჩვენების ორგანიზატორი, თუმცა აღნიშნა – "ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს"-ო.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდებოდა, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ავაშენოთ, რომ შევცვალოთ ეს ყველაფერი", _ განაცხადა ზუგდიდის მერმა.
მოძრაობა "საზოგადოებრივი დარბაზის" წევრის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის სოსო ლაგვილავას განცხადებით, ვიდეომასალის ჩვენება მისი ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო:
"ხალხის, საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები გვეჩვენებინა. ჩვენ, საზოგადოებრივმა დარბაზმა გავაკეთეთ ის, რომ ეს ადგილი შევარჩიეთ, დაველოდეთ, რომ შებინდდებოდა და ვუჩვენეთ ეს ამაზრზენი კადრები. ეს არის ენით უთქნელი, სხვათაშორის ბავშვები გავარიდეთ. მოსახლეობის ნაწილს ვაჩვენეთ", _ განმარტა სოსო ლაგვილავამ.
უკრაინულმა ვებ-გვერდმა tube.ua-მ 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა სავარაუდოდ სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული ვიდეომასალა სათაურით – "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით". ვიდეოში ჩანს მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი. ასევე უცნობი პირი მამაკაცს "აღიარებით ჩვენებას" ართმევს, ეკითხება, თუ რას საქმიანობს, რა გაუკეთებია ან რას აპირებდა.