ქალაქ ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე #29-ში მცხოვრები ზაზა ჟორჟოლიანი "გურია ნიუსს" დახმარებას სთხოვს.
ზაზა ჟორჟოლიანის სახლში მეუღლე, ორი შვილი, ასევე, ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი ცხოვრობს. თავად ამბობს, რომ ქალაქ ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახურში ოპერატორად მუშაობს, ხელფასი კი მრავალსულიან ოჯახს საკვების ფულად არ ჰყოფნის.
როგორც ზაზა ჟორჟოლიანი "გურია ნიუსთან" ამბობს, მისი საცხოვრებელი ავარიულ მდგომარეობაშია. სახურავი იმდენად ძველია, რომ დალპა, რის გამოც ამ ზამთარში სახლში ცხოვრება შეუძლებელი იქნება.
"ყურადღებას ვითხოვ რამდენი წელია, შარშან დავწერეთ განცხადება, მაგრამ უშედეგოდ, ძაღლად არ ჩაგვაგდეს. სახლის სახურავის მასალა გამომიყონ და მე გადავხურავ. აქ, ამ ლოგინზე რომ დაიძინებს რამდენიმე თვის ბავშვი, ის ჯანმრთელი გაიზრდება? ნახეთ სად გვძინავს? ჩემ გარდა ყველა უმუშევარია სახლში, რით უნდა ვიარსებოთ?
გვაწვიმს თავზე, გვათოვს, ლოგინები სულ სველია. ეს ფიცრული სახლი ამ ზამთარს ვერც კი გადაურჩება. ხე სულ დამპალია სისველისგან, წვიმისგან, სიძველისგან. დაგვეხმარეთ, ბავშვები ცოდოები არ არიან? წინა გამგებელმა სულ არ მომაქცია ყურადღება, იქნება ახალს თქვენ მიაწვდინოთ ხმა", _ამბობს ჟორჟოლიანი.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში ამბობენ, რომ ზაზა ჟორჟოლიანის ოჯახს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურისთვის არასდროს მოუმართავს.
_ მომართვის შემთხვევაში, თუ აღნიშნული პიროვნება დააკმაყოფილებს ქალაქის მერიის რომელიმე სოციალური პროგრამის კრიტერიუმს, აუცილებლად გაეწევა დახმარება", _ აღნიშნავენ მერიაში.