თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "თბილისზე მზრუნველი" ოთხი ადამიანი დააჯილდოვა. "თბილისზე მზრუნველი"-ს ჯილდო წელს, მაშველ თორღვა თორღვაშვილს, მეეზოვე ილია ჩოხელს, 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის, გიორგი ლომიძესა და მესაათე არტურ პეტროვს ერგო.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "თბილსზე მზრუნველებს" სიმბოლური საჩუქრები – სიგელები და სახელოსნო "ფოკანი"-ს მიერ დამზადებული მედალიონები გადასცა.
"გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს თბილისის განვითარებაში. თითოეული თქვენგანი დედაქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით დედაქალაქის წინაშე! რომ არა თბილისისა და საკუთარი საქმის დიდი სიყვარული, პროფესიონალიზმი, თავდადება, ალბათ, ვერ შეძლებდით გეცხოვრათ ასე ღირსეულად და ყოველდღიურად გეზრუნათ თბილისზე," – განაცხადა თბილისის მერმა.
მოქალაქეების რჩეული – წლის ,,თბილისზე მზრუნველი’’ – თორღვა თორღვაშვილი გახდა.
"თბილისზე მზრუნველი"-ს ჯილდო, ყოველწლიურად, იმ მოქალაქეებს გადაეცემა, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში.