საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე უკრაინული მედიასაშუალებით გავრცელებულ წამების კადრებს ეხმაურება.
"როცა ადამიანის წამებაა სასწორის ერთ მხარეს, მეორე მხარეს აღარაფრის დადებას აზრი აღარ აქვს.
ჩანაწერებმა, რომელიც ინტერნეტ-მედიით გასაჯაროვდა, კიდევ უფრო ნათელი გახადა ორი რამ: 1. ე.წ. "ციხის კადრები" არათუ დადგმული, არამედ მცირედია იმ საშინელების, რაც ადამიანების წინააღმდეგ ხდებოდა 2. საუბედუროდ, ეს არ იყო მხოლოდ ციხეების პრობლემა – ადამიანებს აწამებდნენ სახლში, ოფისში და ეზოშიც", _ წერს თალაკვაძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ვებ-გვერდმა tube.ua-მ 17 ოქტომბერს, სავარაუდოდ სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სათაურით – "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით". ვიდეოში ჩანს მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტი. ასევე უცნობი პირი მამაკაცს "აღიარებით ჩვენებას" ართმევს, ეკითხება, თუ რას საქმიანობს, რა გაუკეთებია და რის გაკეთებას აპირებდა.