საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის მდივანს ტომას მარკერტს შეხვდა.
შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმა განიხილეს. კონკრეტულად საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარების მნიშვნელობას დაეთმო.
ტომას მარკერტთან შეხვედრით კახა კახიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ორი დღის განმავლობაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დირექტორს ქრისტოს გიაკომპულოს, ასევე, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივანს იერუნ სხოკენბრუკს შეხვდა.
შეხვედრებზე განსახილველი მთავარი თემები საქართველოს ხელისუფლების მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, სამომავლო გეგმები, ასევე, პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებათან დაახლოება და ამ პროცესში ევროპის საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და ხელშეწყობის მნიშვნელობა იყო.
პენიტენციურ სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მრავალი სიახლე დაინერგა და ინსტიტუციური რეფორმის კუთხით საქართველო მოწინავე ადგილზეა. ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, სასჯელაღსრულების სამინისტრო სამომავლოდაც მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას გეგმავს.