საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის განცხადებას აფასებს:
_ პრეზიდენტს თუ ასეთ კადრებზე არ აქვს ემოცია, ცუდად ყოფილა მისი საქმე. მე მიჭირს, მოვუწოდო მოსახლეობას ასეთი კადრების ხილვის შემდეგ, მოთოკონ ემოციები. მე, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, ყველა საკითხი გაირჩეს სამართლებრივად, მაგრამ მოსახლეობას ყველაზე მეტად ნერვებს უშლის ის, რომ ვინც ასეთი ქმედებების დროს იმყოფებოდა ხელისუფლებაში და ხშირ შემთხვევაში თვითონვე წერდა სცენარებს ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე, დღეს გამოდიან სამართალდამცავების და დაჩაგრულების როლში, _ განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას "თავი შეიკაონ მძაფრი ნაბიჯების გადადგმისგან და მოთოკონ ემოციები":
_ გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები:
_ ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქეის მოვალეობაა. და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.