საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს:
_ საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 84 _ "მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუცია და კანონს! რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია კანონით,".
ბატონო პრეზიდენტო, დღევანდელი განცხადება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 84 მუხლს!_ წერს ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას "თავი შეიკაონ მძაფრი ნაბიჯების გადადგმისგან და მოთოკონ ემოციები":
_ გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები:
_ ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქეის მოვალეობაა. და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.