ამ წუთებში, “გურია ნიუსის” ოთხ კორესპონდენტს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ადვოკატები იმ პირების დაცვას აპირებენ, ვისაც კონტროლის პალატამ უწყება ორი დღის წინ დაუგზავნა.
როგორც “გურია ნიუსის” კორესპონდენტი ჟანა მეგრელიშვილი გამგეობის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, დასაკითხთა რიგებში მდგომი მოქალაქეები ადვოკატების გარეშე დაკითხვაზე შესვლას არ აპირებენ.
“გურია ნიუსის” ჟურნალისტი ნატო გოგელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოს დაუკავშირდა. გამოძახებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე მივიდნენ. ამ წუთებში სამართალდამცველები გამგეობის შენობაში იმყოფებიან.