ვთქვი, რომ 60 ახალი საწარმო უნდა აშენდეს, დღეს გადავამოწმე და 139 ახალი საწარმოა აშენებული, ჯერ კი საარჩევნო პერიოდი დამთავრებული არ არის , _ ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"60 ვთქვი, მერე 100-ად გადააკეთს. ნათქვამი მქონდა, რომ 60 რეგიონია და თითო საწარმო იქნებოდა, თუმცა ჟურნალისტებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გადააკეთეს შემდეგ 100-ად და მეც დავექვემდებარე. სოფლის მეურნეობაში 700-მდე მცირე და საშუალო საწარმო გარემონტდა. 139 ახალი აშენდა. დარწმუნებული ვარ, დარჩენილ ერთ წელიწადში 180-მდე შეიძლება ავიდეს. შესაბამისად, დანაპირებზე სამჯერ მეტი იქნება. 60-ს მახსენებდნენ თავიდან, ახალ ამაზე ხმას არ იღებენ. ციფრებს გეტყვით, 2012 წელს, ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის "ნაციონალებს" ჩადებული ჰქონდათ 51 მილიონი, თითქმის ორწელიწადნახევარში კი, მილიარდი დაიხარჯა. 90 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დღეს პრობლემა ის კი არ არის, სამოქალაქო დაპირისპირებაზე რომ საუბრობს ზოგიერთი თანამდებობის პირი, არამედ ის, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს რეალობიდან რისი გაკეთება შეიძლებოდა და არა ოცნებიდან. რეალურად გაკეთებული კი დანაპირებთან ძალიან ახლოა", _ აღნიშნა ივანიშვილმა.