საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შუალედურ არჩევნებში ის მხარს ირმა ინაშვილს უჭერს, სიცრუეს უწოდებს.
"ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ შაუალედურ არჩევნებში ის მხარს კოალიციის კანდიდატ თამარ ხიდაშელს უჭერს.
"არჩევნებზე მე ირმა ინაშვილს მხარს არ ვუჭერ. ხიდაშელი გახლავთ კოალიციის კანდიდატი და არა "რესპუბლიკური პარტიის", თუმცა "რესპუბლიკური პარტიის" წევრია, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი არაა. მე მომდის ხმები, რომ არის სპეკულაციები, თითქოს მე მხარს ვუჭერ ირმა ინაშვილს. ეს არანაირ კავშირში არ არის სინამდვილესთან. მე თქვენი ტელევიზიითაც მივმართავ საგარეჯოელებს, მხარი დაუჭირონ ხიდაშელს, რომელიც არის ჩემს მიერ ჩამოყალიბებული კოალიციის წევრი და მისგან წამოყენებული კანდიდატი. ის არის კოალიციის კანდიდატი", _ განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იგი არ იცნობს "პატრიოტთა ალიანსს" და გამორიცხულია, რომ ნებისმიერ მათ კანდიდატს მხარი დაუჭიროს.