საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე "ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ," მოსარჩელის ინტერესებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" იცავდა.
დავის საგანს წარმოადგენდა დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის (მოსარჩელეს ბრალი ედება 69 გრ მარიხუანას, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა-შენახვისათვის) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი, კერძოდ კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე" კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე განსახილველად მიიღო მხოლოდ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რაც გულისხმობს სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენების აკრძალვას.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადების თანახმად, კანონმდებლობაში 2015 წლის 8 ივლისს განხორციელებული ცვლილებით, დიდი ოდენობით (50-დან 100 გრამამდე) მარიხუანას, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა-შენახვისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა შემცირდა და განისაზღვრა 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ნაცვლად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა).
"მიუხედავად ამ ცვლილებისა, მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ არაკონსტიტუციურია, ზოგადად, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, პირადი მოხმარების მიზნით, მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის და ეს წარმოადგენს არაადეკვატურად მძიმე, არაპროპორციულ და შესაბამისად, სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახავ სასჯელს ამგვარი ქმედებისთვის.
აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი, ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე საზოგადოებრივ საფრთხეს. მიუხედავად მარიხუანას მავნე ზემოქმედებისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის დაუშვებელია სასჯელის სახით, ნებისმიერი ვადით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეში სასამართლოს არ უმსჯელია მარიხუანას უშუალოდ მოხმარებაზე და აღნიშნული ქმედების დეკრიმინალიზაციაზე, რადგან ეს საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ან გასაღების მიზანს, ან ისეთ ვითარებას, როდესაც შეძენილი/შენახული მარიხუანას რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი მაღალი ალბათობით მიუთითებს გასაღების მიზანზე.
სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლებელი იქნება სასამართლოს არგუმენტაციის გაცნობა და დაზუსტებით თქმა, თუ რა სამართლებრივი შედეგების მომტანი იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება სხვა მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეებზე.
თუმცა, უკვე ნათელია, რომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაშიც კი, სასამართლო სასჯელის სახით ვერ გამოიყენებს თავისუფლების აღკვეთას. ასევე, შეუძლებელი იქნება სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სხვა მიმდინარე საქმეებზე, სადაც პირს ბრალი ედება 70 გრამამდე ოდენობის მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის.
ხოლო იმ პირებისთვის, ვის მიმართაც აღნიშნული ქმედებისათვის უკვე გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მათ შეფარდებული აქვთ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს, რათა მიმართონ საერთო სასამართლოებს მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით" _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.