საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან არასამთავრობო ორაგნიზაციების ნაწილი აქციის გამართვას აპირებს.
როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღეს, 22:00 საათზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული მისია" და არასამთავრობო ორგანიზაციები – "გაერთიანებული საზოგადოება" და "ახალგაზრდული ცენტრი" აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავს.
როგორც "გურია ნიუსს" "ქართული მისია" წევრმა გიორგი ზარნაძემ განუცხადა, მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტმა წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და საზოგადოების მოთხოვნას მხარი დაუჭიროს.
"ჩვენი მოთხოვნაა, პრეზიდენტმა დააფიქსიროს თავისი პოზიცია წამების კადრებთან დაკავშირებით, რაც, ერთი კვირის განმავლობაში, დღეს უკვე მესამეჯერ გავრცელდა. პრეზიდენტმა საერთაშორისო და ქართულ საზოგადოებას სიმართლე უნდა უთხრას. თქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო რეჟიმი და ის უნდა გასამართლდეს. "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია რეჟიმის გასასამართლებლად, არავინ დაუსჯია; პროკურატურას შესაბამისად არ უმოქმედია, ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, პრეზიდენტი მაინც დადგეს ხალხის გვერდით და მხარი დაუჭიროს "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებასა და მისი გასამართლების მოთხოვნას, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი აყენებს", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ზარნაძემ.