25 ოქტომბერს, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა ნატო-ს კვირეული 2015. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებას გაწევრიანდეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.
"ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში, რომელთანაც უპირველეს ყოვლისა დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. 66 წლიანი არსებობის მანძილზე ნატო–მ დაადასტურა, რომ უახლეს ისტორიაში ყველაზე უფრო მტკიცე და წარმატებული ალიანსია, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და წარმოადგენს მისი წევრების უსაფრთხოების გარანტიას. ალიანსის წევრობა იქნება საქართველოს უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გარანტიაც."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ხელსუფლების ძალისხმევაზე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიოს ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ, კვირიკაშვილის განცხადებით საქართველომ უკვე გაატარა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და მიაღწია ხელშესახებ შედეგს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ნატო-ს კვირეულისა და ზოგადად ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლების განმალობაში ბევრი რამ გაკეთა მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით.
ნატო-ს კვირეულის გახსნას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სამშვიდობო მისიებიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
ნატო-ს კვირეული საქართველოში მერვედ ტარდება. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.