მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული ოთხი ახალგაზრდის სამძებრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა და მაშველებს დაკარგულები ამ წუთებში ტყიდან გამოჰყავთ.
შემთხვევა გუშინ ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალგაზრდები ყოროლისწყლის ხეობაში პიკნიკის მოსაწყობად წავიდნენ. თუმცა, ცუდი ამინდისა და ნისლის გამო გზა აებნათ და დაიკარგნენ.
ოთხივე ახლაგაზრდა 20-22 წლის არის და ბათუმში ცხოვრობენ.
მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის დავით ხომერიკის თქმით, დაკარგულმა ახალგაზრდებმა დაახლოებით 15-20 კილომეტრი გაიარეს ტყეში და მთა მტირალას მიდამოებში, ჩრდილოეთის მხარეს აღმოჩნდნენ, სადაც ინფრასტრუქტურა და მარკირება არ არის.
სამაშველო ოპერაციას აჭარის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთასნ ერთად, მტირალას ეროვნული პარკის წარმომადგენლები და დაკარგულების მშობლები ახორციელებდნენ. მთელი ღამის განმავლობაში დაკარგულები სატელეფონო კავშირზე იყვნენ, მაგრამ ნისლისა და სიბნელის გამო გზას ვერ იკვლევდნენ.
"ისინი ჯანმრთელად არიან და არანაირი დაზიანება არ მიუღიათ. მხოლოდ შემცივნებულები და მოშიებულები არიან." – აღნიშნა დავით ხომერიკმა "გურია ნიუსთან" საუბარში.