30 ოქტომბრისთვის დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მოუწევთ იმსჯელონ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" 2014 წლის 15 აგვისტოს მიერ მიღებულ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. თუმცა მანამდე ამ საკითხმა წინასწარი მოთელვა ფრაქციებისა და კომისიების სხდომებზე გაიარა. დადგენილებაში აღნიშნული ცვლილების შეტანა ბუნდოვანია ოპოზიციისთვის და ისინი ცვლილების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით განმარტებას მმართველი გუნდისგან ითხოვენ.
საკრებულოს ეთიკის კომისიის თავმჯდომარის რომან ბიწაძის განმარტებით, ცვლილება შედის დებულების მე-7 მუხლში, სადაც არსებობს ჩანაწერი, თუ რა მომსახურეობას უწევს სამდივნო კომისიებსა და ფრაქციებს, აღნიშნული ცვლილების შეტანის შემდეგ კი საკითხი უფრო გაშლილი ფორმით იქნება წარმოდგენილი დებულებაში.
'ფაქტია, რომ საკრებულოს აპარატში საშტატო რიცხოვნება გაზრდილია და აქედან გამომდინარე, რაღაც ფუნქციები, რომ დაეკისროს დასაქმებულ პირებს, ერთგავრად ამიტომაცაა განპირობებული ეს ცვლილება",- დასძინა ბიწაძემ საკითხზე განმარტების მიცემისას ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" სხდომაზე.




































































