ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გარკვეული დროით უარს აცხადებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავენ. ბოიკოტის მიზეზად კი თავისუფალი მედიის მხარდაჭერას ასახელებენ.
"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გარშემო განვითარებული პროცესების გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმდინარე კვირას საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრება.
ქვეყანაში მიმდინარეობს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. საფრთხის ქვეშაა და იზღუდება სიტყვის თავისუფლება, რაზეც ნათლად მეტყველებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმცირესობა გეგმავს მიადევნოს თვალი და აქტიურად იყოს ჩართული სამაუწყებლო კომპანია ,"რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში. აქვე ავღნიშნავთ, რომ რუსთავი 2-ის სასამრთლო პროცესები დანიშნულია მიმდინარე წლის 28 და 30 ოქტომბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური შეხედულების გამო უარს ვაცხადებთ მიმდინარე კვირის (26-30 ოქტომბრის) პლენარულ სხდომებზე და საკომიტეტო მოსმენებზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე."- ნათქვამია დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში, რომელსაც ხელს უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აწერს.




































































