საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებს აფხაზური ენის დღეს ქართულ და აფხაზურ ენებზე ულოცავს. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ აფხაზურ ენას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
"მთელი გულით ვულოცავ ჩვენს აფხაზ ძმებს აფხაზური ენის დღეს. ეს ღირსშესანიშნავი დღეა არა მარტო აფხაზებისთვის, არამედ ქართული საზოგადოებისთვისა და სახელმწიფოსთვის. საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზურ ენას ქართულთან ერთად სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისი დაცვა ჩვენი ვალია. აფხაზი ხალხი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, ჩვენ გვაკავშირებს ერთიანი ისტორია და კულტურა. ჩვენი კავშირის დარღევევას, ამ ნათესაობის მოშლას ვერ შეძლებს ვერავითარი ძალა და კონფლიქტი. ჩვენ მხოლოდ ერთად, ერთიანი ძალით შევძლებთ აფხაზური ენის დაცვას, იმ თვითმყოფადობის შენარჩუნებას, რომლითაც ამაყობს აფხაზი ხალხი. მე მჯერა, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს და ერთად ვივლით იმ გზაზე, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს უკეთეს ცხოვრებას მოუტანს,"– ნათქვამია მისალოც წერილში.