ექსპერტი შოთა ივანაშვილი, რომელმაც "რუსთავი 2"-ის 2006 წლის ფინანსური მდგომარეობა შეაფასა, ტელეკომპანიის დაცვის მხარის განცხადებით, "მხედველობის პრობლემით გამოირჩევა".
როგორც იურისტმა დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა, შოთა ივანაშვილმა ვერ შეამჩნია რომ სასამართლო პროცესებს მისი უფროსი გიორგი ჩადუნელი ესწრება.
"ექსპერტი რომ ფრაგმენტული მეხსერებით გამოირჩევა გუშინ ვნახეთ, მაგრამ მას მხედველობის პრობლემაც ჰქონია, ის ვერ ამჩნევს თავის უფროსს, რომელიც ყველა სხდომას ესწრება და ეს თავად ჩადუნელმა დაადასტურა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში." _ თქვა ადვოკატმა.
ცნობისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა, გუშინ, "რუსთავი2-ის დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვაზე – მარტო დადის თუ არა ის სასამართლო პროცესებზე, განაცხადა, რომ მარტო დადის.
ამის შემდეგ, იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ივანაშვილი ცრუობს, რადგან, 19 ოქტომბრის სასამართლო პროცესს მისი უფროსი, გიორგი ჩადუნელი ესწრებოდა და ამის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს.
დღეს კი, "რუსთავი 2"-ის დაცვის მხარემ პროცესზე გიორგი ჩადუნელის ინტერვიუ წარმოადგინა, სადაც ის ადასტურებს, რომ 19 ოქტომბერს, მისი თანამშრომლის, შოთა ივანაშვილის დაკითხვაზე დასასწრებად მივიდა. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს მხარეებს ივანაშვილი უნდა დაეკითხათ, თუმცა, დროის უქონლობის გამო, მისი დაკითხვა გადაიდო.
ამასთანავე, "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ჩადუნელი აღნიშნავს, მას ივანაშვილის დაკითხვაზე დასწრების სურვილი გუშინაც ჰქონდა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა.
"რუსთავი2"-ის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინტერვიუ მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის მასალებს დაერთო.