რუსთავი 2-ის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური კლუბის წევრებმა, ყოფილმა დიპლომატებმა განცხადება გააკეთეს და საქართველოს მთავრობას მოუწოდეს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არ მოხდეს დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირება და საქართველოს იმიჯის შელახვა საერთაშორისო ასპარეზზე.
როგორც ყოფილი ელჩები ამტკიცებენ, მათ მიიღეს შეტყობინება ევროპელი პარტნიორებიდან, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დიპლომატებს იყენებს პოლიტიკური განცხადებების გასავრცელებლად. დიპლომატიურ კლუბში ამტკიცებენ, რომ დიპლომტიურ კორპუსს აკრძალული აქვს პოლიტიკური საქმიანობა.
"რამოდენიმე ჩვენმა კოლეგამ მივიღეთ შეტყობინებები, რომ მოქმედი ქართველი დიპლომატები არაკორექტულ განცხადებებს აკეთებენ და ეს განსაკუთრებით ევროპის სახალხო პარტიის დისკრედიტაციისთვის ხდება. ეს ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს ქვეყნისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაუფრთხილდნენ დიპლომატიური კორპუსის სახელს, რომლის ჩამოყალიბებასაც 25 წელის დაჭირდა. "_განაცხადეს ყოფილმა დიპლომატებმა.
ამ განცხადებას უპასუხა პარლამენტარმა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ დიპლომატიური კლუბის წევრები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.