„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ დაგეგმავს არანაირ ძალადობას, ბრძოლა კი თავისუფალი სიტყვის დასაცავად მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარეობდა და ასეც გაგრძელდება.
„მინდა პარტიის სახელით ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოვეხმაურო. პირეველ რიგში კითხვა უნდა დაისვას იმაზე, თუ რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბული ვითარება, რატომ მივედით ამ კრიზისამდე. პასუხი არის ერთადერთი და მარტივი – ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს ჩვენს თვალწინ, მთავრობა ცდილობს „რუსთავი 2“ ხელში ჩაიგდოს. მთავრობა ხალვაშის და მოსამართლე ურთმელიძის ხელით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიისა და თავისუფლების ფუნდამენტს ებრძვის, ამან საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული დაპირისპირების რისკის წინაშე მიიყვანა.
რაც შეეხება ძალადობას, მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას, ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-ზე მეტი ოფისი დაარბიეს რაიონებში, არცერთ ჩვენ აქტივისტს საპასუხო ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ვიბრძვით. ჩვენი ამოცაა, ეს ხელისუფლება კანონიერად, კონსტიტუციურად, მშვიდობიანი არჩევნების გზით გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკიდებსა და გადატრიალებაზე, არამედ საუბარი იყოს გაჩერებულ პენსიებზე, მომატებულ სიღარიბეზე.
ჩვენ ვიბრძოლებთ კონსიტუტციურ ფარგლებში, მაგრამ ხაზგასმით და კატეგორიულად ვამბობ – ვიბრძოლებთ სიტყვის თავისუფლებისთვის, „რუსთავი 2“- ის თავისუფალი ეთერისთვის.
აუცილებლად მინდა მივმართო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, ამ დღეების განმავლობაში დაამტკიცეთ რომ ხართ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ მაღალი პროფესიული ეთიკის მატარებლები. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა დგას არა იმაზე, რომ ვინმე ვინმეს პოლიტიკურ თანამებრძოლად განიხილავს, მე დავიცავ „რუსთავი 2“- ს რადგან ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, რადგან ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვით. ამ ბრძოლაში თქვენ მნიშვნელოვან და ღირსეულ როლს ასრულებთ. ქედს ვიხრი ყველა იმ ჟურნლისტის წინაშე, რომელიც ამ შანტაჟებისა და დაძაბული ვითარების ფონზე მუშაობას აგრძელებს," _ განაცხადა ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.