სოციალური ქსელის მომხმარებელმა ბერდია ბერიძემ ილიაუნში გამოფენილი სკანდალური ნახატის ფოტო გაავრცელა, რომელზეც ღვთისმშობელი მარიამი პისტოლეტით არის გამოსახული. ნახატი დირბის მონასტრის ღვთისმშობლის ფრესკის ერთგვარ გაშარჟებას წარმოადგენს.
ილიაუნის სტუდენტის და თვითმართველობის წევრი უნივერსიტეტში მომხდარ ამ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს,
„"ღვთისმშობელი თავს იკლავს ილიაუნიში" _ გასაგებია, რომ ვსწავლობთ ლიბერალურ უნივერსიტეტში, თუმცა, რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა ჩემთვის იგივე გაუნათლებლობაა და უგუნურობაა , როგორც რელიგიური ფანატიზმი , რელიგიის და მამაოების გაფეტიშება. უბრალოდ, არ შეიძლება სხვის სიწმინდეს ასეთი სახით შეეხო. არ ვიცი სურათის შინაარსი, თუმცა, ფორმა მიუღებელია ჩემთვის და ბევრი სტუდენტისთვის, ალბათ, სამწუხაროა, რომ ილიაუნიში ხდება ეს" – წერს ბერდია ბერიძე.
ბერიძის განცხადებით, რელიგიურ დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი ნახატის გამოფენა რექტორის და ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა.
„ძალიან კარგად ვიცი უნივერსიტეტის წესდება უნივერსიტეტში ღონისძიებას ვერ ჩაატარებ ზუსტ აღწერას თუ არ გაუგზავნი პირადად რექტორს რა თქმა უნდა ყველაფერი იცოდნენ ადმინისტრაციაში , და დაუშვეს რელიგიის დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი სურათი , დისკრიმინაცია მიუღებელია ჩემთვის ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს რელიგიურ ადამიანს თუ ათეისტს“ – აცხადებს ბერიძე.
ნახატის გამოფენის ფაქტმა სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი და მეტწილად უარყოფითი კომენტარები გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ნახატის ავტორი მხატვარი ლია უკლებაა, რომელმაც ეს ნახატი ფემინიზმის თემას და 17 მაისის მოვლენებს მიუძღვნა.