საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. ერთხმად აღინიშნა, რომ ყველა პოლიტიკური პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და კონსტიტუციური ნორმების დაცვით უნდა წარიმართოს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებაც. მხარეებმა შეაფასეს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების მიმდინარეობა. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა 9-10 ნოემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებიც. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სასამართლო სისტემას უნდა მიეცეს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება, ხოლო სიტყვის თავისუფლება არც ხელისუფლების და არც სხვა პოლიტიკური ძალის მიერ არ უნდა შეიზღუდოს.