საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლები დაკითხვების სერიას გურიაში აგრძელებენ. ამჯერად მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა დაიკავეს. როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, ოზურგეთში დაკითხვა დილის 11 საათზე დაიწყო. “გურია ნიუსის” ჟურნალისტის ჟანა მეგრელიშვილის ინფორმაციით, უკვე შენობაში შესულია სოფელ გურიანთის მცხოვრები, რომელიც აგროვებდა ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის აღგენაზე. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, მას ოთხმა ადამიანმა მიმართა ამ დროისთვის.
_ ჩვენ ოთხმა ადამიანმა მოგვმართა და აქედან პირველი 12 საათზე არის დაბარებული, ველოდებით, ჩვენს იურისტებს ბათუმიდან. მეტს, ჯერჯერობით, არ მოუმართავს. _ გვითხრა ტრაპაიძემ.
რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში “გურია ნიუსის” ჟურნალისტი ჟანა მეგრელიშვილი არ შეუშვეს, როგორც ეს მოხდა გუშინ, როდესაც ჩვენი გაზეთის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლას.