საპროკურორო რეფორმის ფარგლებში შექმნილი საპროკურორო საბჭო დღეს პირველ სხდომას გამართავს.
საბჭოს შემადგენლობაში პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 პროკურორი, იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი ორი მოსამართლე წევრი, უმრავლესობიდან დასახელებული დეპუტატი და პარლამენტის მიერ არჩეული სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.
საპროკურორო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, 15 წევრისგან შედგება და 14 წევრი უკვე არჩეულია. მას მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით წარსადგენი კანდიდატი აკლია.
საბჭოს თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატს წარუდგენს, რომელსაც საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს.
არსებული ინფორმაციით მთავარი პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი ირაკლი შოთაძეს აქვს, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა.


































































