ოზურგეთის გამგეობის შენობიდან, გამოვიდნენ დაკითხვაზე მყოფი მზია მექვაბიშვილი და მარინა გოთუა. როგორც მზია მექვაბიშვილმა გვითხრა, მის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მას ეკითხებოდნენ, აიღო თუ არა ფული და რა სამუშაოს შესრულებისთვის.
_ მეკითხებოდნენ, ხომ არ იცით, ვინ ჩამოურიცხა ფინანსები თქვენს პარტიას, რაც არ ვიცოდი და, შესაბამისად, ვერც ვუპასუხებდი. სპეციალური აპარატურით შემამოწმეს, თუმცა, ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. დაკითხვაზე 40 წუთის განმავლობაში ვიმყოფებოდი, _ გვითხრა მან.
მარინა გოთუას განმარტებით კი, ის დაცვამ მოატყუა: _ მითხრა, რომ ადვოკატი მესამე სართულზე მელოდებოდა, თუმცა, იქ არავინ დამხვდა. კითხვები ფინანსებს შეეხებოდა. ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერები რომ შევაგროვე, ფული ვინ და რამდენი ჩამირიცხა. ვუპასუხე, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. ხელწერით დავადასტურე, რომ არანაირი თანხა არ ამიღია.
ამ წუთებში, კონტროლის პალატის სახელით კიდევ სამ მოქალაქეს კითხავენ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ადმინისტრაციულ შენობაში მათ ამ დრომდე არ უშვებენ.