როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, გადატვირთული გზები და საცობები ქალაქში გადაადგილებას, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ართულებს, შექმნილი ვითარების ერთ-ერთი მთავრი გამომწვევი მიზეზი კი კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებაა, რაც ბოლო დროს, გახშირდა.
თბილისის მერის განცხადებით, ტენდერებში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები და აღნიშნულ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრებათ.
"ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას დაარღვევს, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ნაწილში, მყისიერად გატარდება კანონით დადგენილი ზომები და დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები. ამასთან, უკვე გამოაცხადდა ახალი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას შესაბამის ობიექტებზე", – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის ქუჩებში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ასევე, შემუშავდა დასუფთავების მანქანების გადაადგილების ახალი გეგმა და ცენტრალურ რაიონებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, დილის 8:30 საათიდან – 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან – 20:30 საათამდე დასუფთავების მანქანები არ იმოძრავებენ.
ნარმანიამ დედაქალაქის ქუჩებში შექმნილი საცობების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რადგან ხშირად ამის მიზეზი გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.


































































