გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა ლელა თავართქილაძემ “გურია ნიუსთან” კომენტარი კონტროლის პალატის მიერ მოწყობილი დაკითხვების შესახებ, სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთეს, როდესაც ადმინისტრაციული შენობიდან გამოვიდნენ.
_ ბატონო ვალერ, რა ხდებოდა დღეს?
_ მე რა ვიცი, არ ვარ კომპეტენტური გაგცეთ პასუხი (?!).
_ ეს ყველაფერი მესამე სართულზე ხდებოდა, სადაც თქვენი სამუშაო კაბინეტია განთავსებული.
_ დიახ, მესამე სართულზე ხდებოდა. იყო მუნიციპალიტეტთან შეთანხმება, რომ დაეთმოთ ოთახები.
_ ბატონო ვალერ, რატომ არ შეუშვეს ჟურნალისტები შენობაში?
_ ჟურნალისტებს აქვთ სრული უფლება, შევიდნენ მოქალაქეთა მიღების განყოფილებაში და ნებისმიერი ინფორმაცია მიიღონ.
_ ადრე არ იყო პრობლემა ჟურნალისტების შესვლაზე.
_ მე, როგორც ვიცი, საკრებულოს აქვს შესაბამისი ბრძანება, რომელსაც არეგულირებს ამ ყველაფერს.
_ და რომელი ბრძანებაა?
_ შეგიძლიათ ჰკითხოთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
გურიის ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: _ ვერაფერს ახალს დავამატებ, რაც თქვა გუბერნატორმა.
ასე ურცხვად სცადეს ჩვენი მოტყუება გუბერნატორმა და მისმა მოადგილემ.